პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" განცხადებით, მმართველი გუნდის არაკონსტიტუციურმა და უბრალოდ უკანონო ქმედებებმა არამარტო ქვეყნის საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც აღაშფოთა, რისი დასტურიც არის საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების განცხადებები.
"ვგულისხმობთ, ამ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნ ჯონ ბასის მიერ გამოთქმულ წუხილს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და რომ ახალი საარჩევნო კოდექსი ხელს არ უწყობს არჩევნების გამჭირვალეობას. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, "საქმე გვაქვს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნის გამო დამფრთხალ ადამიანთა ჯგუფთან, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველანაირ თაღლითობას სჩადიან, რათა როგორმე მოიპოვონ გარანტიები, რომ კიდევ ერთხელ მოჰპარავენ არჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ეს მათ არაერთგზის გააკეთეს".
"ჩვენ, პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებამ სრული დისკრედიტაცია მოახდინა ქართული სახელმწიფოსი და მმართველი გუნდის ყოველი გადადგმული ნაბიჯი მიმართულია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ. რეაგირების გარეშეა დარჩენილი როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები და პირდაპირი მითითებები. ხელისუფლებას შეუქცევადად აქვს აღებული გეზი ტოტალიტარიზმისაკენ, რაც აზარალებს საქართველოს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს", - ნათქვამია განცხადებაში.