საბერძნეთი შესაძლოა ევროზონის გარეთ აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში თუ ის ხელს არ მოაწერს ახალ საკრედიტო შეთანხმებას ევროკავშირთან. ეს განცხადება საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პანტელის კასპისმა გააკეთა.
"საკრედიტო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ევროზონის ბაზრებს გარეთ დავრჩებით",- განაცხადა კასპისმა ტელეარხ "სკაის" ეთერში.
მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპულ სავალუტო კავშირში ყოფნისათვის.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალი 130 მილიარდიანი საკრედიტო შეთანხმების რეალიზაციისათვის, რომელიც ეკონომიკაში ხისტი პროგრამული მოქმედებების სანაცვლოდ საბერძნეთის სუვერენული ვალის ნაწილობრივ ჩამოწერას, ადგილობრივი ბანკების რეკაპიტალიზაციას და საბიუჯეტო დეფიციტის მომავალ დაფინანსებას ითვალისწინებს.