ხულიო იგლესიასს ბათუმში მეგობარ ქალებთან ერთად დღეს ელოდებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა მომღერალს საქართველოში 20:00 საათისთვის, საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდება.
"მზად ყოფნაში ვართ. შევფუთეთ ის ტექნიკა, რომელიც მათ შეგვიკვეთეს. ხულიო იგლესიასი 6 კაციანი ანტურაჟით მოდის, მათ შორის არიან მისი მეგობარი ქალბატონებიც. ამჯერად უკვე, ტექნიკურ ჯგუფს ველოდებით, რომლებმაც ტექნიკა სცენაზე უნდა განათავსონ", - აღნიშნა კანდელაკმა.
კონცერტის ორგანიზტორებმა გერმანელი ტექნიკური ჯგუფი უკვე ჩამოიყვანა საქართველოში, ამჯერად კი ხულიო იგლესიასის პირად ტექნიკურ ჯგუფს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე გამართულ კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.