"ჯერ კიდევ არ ვიცით ხულიო იგლესიასი სად იცხოვრებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა, მაშინ როდესაც მომღერლის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათი დარჩა. ხულიო იგლესიას ბათუმში დაახლოებით, 20:00 საათზე საკუთარი თვითმფრინავით ელოდებიან.
"უკვე ვიცით მუსიკოსები და მთლიანად მისი ჯგუფი "რადისონში" განთავსდებიან, თუმცა ჯერ საბოლოო დადგენილი არ არის თავად ხულიო იგლესიასი სად მოისურვებს ღამის გათენებას. ველოდებით მის მენეჯერებს, რომლებიც თავად აარჩევენ ადგილს, სადაც ვარსკვალი ერთ ღამეს გაჩერდება. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მათ შორის საუკეთესო სასტუმროები და კერძო სახლებიც. ვნახოთ, რას აურჩევენ მომღერალს"- აღნიშნა კანდელაკმა.
31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი, რომელშიც ხულიო იგლესიასი და სოფო ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას, "ისტერ პრომოუშენის" ორგანიზებით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება. ხულიო იგლესიასის საკონცერტო კალენდარის მიხედვით, ბათუმის კონცერტამდე იგლესიასმა დეკემბერში კონცერტები მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში გამართა.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.