ხორავას სახელობის მსახიობის სახლი 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხორავას სახლის ხელმძღვანელმა, გოგი ქავთარაძემ განუცხადა, ღონისძიება თეატრალიზებული იქნება.
"გადავწყვიტეთ, რომ ქართული თეატრის დღეს გავხსნათ სეზონი, რომელსაც მეღვინეთუხუცესს მივუძღვნით. თეატრალიზებული საღამო იქნება, ბევრ სტუმარს ველოდებით. ამის შემდეგ დაიწყება სეზონი და თეატრში სპექტაკლების დადგმა", - განაცხადა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, ხორავას სახელობის სახლში დიდი ხანია სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს. 14 იანვრიდან, თეატრის სეზონის გახსნის შემდეგ, სხვადსხვა თაობის რეჟისორებს სპექტაკლის დადგმა პერიოდულად შეეძლებათ.
"თეატრში სცენის, დარბაზისა და შემოსასვლელის ერთგვარი გადახალისება მოხდა. გადავწყვიტეთ, შემოსასვლელში ფოტოგამოფენები მოვაწყოთ ხოლმე და სანამ ადამიანი დარბაზში შევა, სურათები დაათვალიეროს", - აღნიშნა ქავთარაძემ.