"დემოკრატიული მოძრაობა" მეორე არხის ფორმატში ცვლილებებს მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, "დემოკრატიული მოძრაობა" NDI-საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლუის ნავაროს მიმართავს.
"ბატონო ლუის, თქვენი აქტიური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხი" საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, წარუდგინონ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი პროგრამები და მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. „მეორე არხის" დაფარვის ზონა, საკმარისი ტექნიკური მოწყობილობების ნაკლებობა და პროგრამის ფორმატი მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ შესაძლებლობას. 2011 წლის გამოცდილებისა და მომავალი არჩევნებს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული ცვლილებები იქნას შეტანილი მეორე არხის ფორმატში, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს საზოგადოებისთვის", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის თანახმად, შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით სასურველია მოეწყოს შეხვედრა-დისკუსია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
"შეხვედრაზე შეაძლებელია განხილულ იქნას შემდეგი საკითხები: პარტიებისათვის თვეში ერთსაათიანი საეთერო დროის გაზრდა, პროგრამების წინასწარი დაგეგმვა და ანონსი, თოქ-შოუებისა და დისკუსიების ორგანიზება, მეორე არხის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა და ა.შ.", - მიიჩნევენ "დემოკრატიულ მოძრაობაში".
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" მიესალმება თუ NDI-ს ინიციატივით შედგება ყველა დაინტერესებული მხარის შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით.