საქართველოში აშშ-ის საელჩო საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან კანდიდატს. ზუსტად ამ სულისკვეთებით, შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით გაეცნო საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა. მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური თუ წარმოსახვითი უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აშშ-ის საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააგრძელოს მუშაობა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა 2012 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიმსახუროს საყოველთაო ნდობა.
"შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გასაძლიერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.