საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს, სადაც საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, სასაცილოს უწოდებს. როგორც მან დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კრემლს მიზანში ყავს ამოღებული.
"რუსეთი საკმაოდ უტიფრად და სინდისის ქენჯნის გარეშე აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით მაშინ როდესაც, რუსეთში არღვევენ ადამიანებს უფლებებს, კლავენ ადამიანებს, კლავენ ჟურნალისტებს, რადგან სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. რუსეთში არ არსებობს გარანტიები ნორმალური ცხოვრებისთვის", - განაცხადა ბარამიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად, "მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ" ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საკმაოდ შთამბეჭდავი ადგილი ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას უჭირავს.