ბიძინა ივანიშვილი "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს ეხმიანება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაკეთებულა.
მისი თქმით, პარლამენტში ცვლიან კანონს და ქმნიან პრეცედენტს იმისა, რომ უკუქმედება მიანიჭონ მას.
"ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად მოგვახსენებს, რომ ყველაზე ლამაზ ქალაქებს აშენებს, ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს, ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს და სწორედ ამ დროს ქმნის ყველაზე დიდ პრეცენდენტს და კანონს ანიჭებს უკუქმედების ძალას. მსგავს კანონებს იღებენ იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა არავინ დააფინანსოს. " - განაცხადა ივანიშვილმა.
პოლიტიკურ პარტიებს და პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს ამ დრომდე მიღებული თანხების, რომელიც ჯერ გახარჯული არ აქვთ, გამცემისთვის უკან დაბრუნება მოუწევთ.
აღნიშნულის შესახებ ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით (იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გერთიანებსთან), განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს.