პოლიტიკურმა პარტიებმა დღემდე მიღებული დაუხარჯავი თანხა ახალ წლამდე უკან უნდა დააბრუნონ. აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში შესული ცვლილბები ითვალისწინებს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი პარლამენტის მიერ მიღებისთანავე, 28 დეკემბერს მოაწერა. კანონი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით (იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გერთიანებსთან) განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს.
შესაბამისად პარტიებს მიღებული თანახმების დაბრუნება დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევთ.
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, კანონი ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხება და თუ მას მიღებული თანხები გახარჯული არ აქვს უკან დააბრუნებს.