რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად, "მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ" ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საკმაოდ შთამბეჭდავი ადგილი ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას უჭირავს.
ანგარიშის "საქართველოს" - ქვეთავი 26 მაისის მიტინგის დარბევის აღწერით იწყება. "საქართველოს პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მომიტინგე ადამიანების ჯგუფი დააბია. ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, ათობით, მათ შორის ქალები სასტიკად იყვნენ ნაცემი. ძალადობა განხორციელდა არა მხოლოდ დემონსტრანტებზე არამედ ჟურნალისტებზედაც - ყოველივე ეს კი საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის კრიტუკულობაზე მეტყველებს. შესაბამისი მკაცრი რეკომენდაციები მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამის გამო გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოდან", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
ანგარიში იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გასახლებასაც ეხება - "საერთაშორისო ამნისტიამ" აგვისტოში გამოაქვეყნა ანგარიში რომელიც თბილისს იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გასახლებაში ადანაშაულებს". რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ "საქართველლოში არსებული იძულებით გადაადგილებული პირების უმრავლესობა უკვე 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოკლებულია დაბრუნების უფლების რეალიზებას, მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აქვთ დასაქმების, სამედიცინო და სოციალური პრობლემა. ისინი სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველნი არიან".
"უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ თბილისის პოლიტიკას იძულებით გადაადგილებული პირები მდგომარეობის გაუარესებისკენ მიჰყავს. 2010 წლის ავნისიდან იანვრამდე 1000 ადამიანზე მეტი იყო გასახლებული თბილისიდან ქვეყნის შორეულ ნაწილებში სადაც ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არის და საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა", _ წერს ლავროვის უწყება.
ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ასევე გამახვილებულია ყურადღება საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვაზე - "საქართველოს პარლამენტი აგრძელებს რეგიონალური ენების ან უმცირესობების ევროპული ქარტიის რატიფიკაციის გაჭიანურებას. ევროპის მინისტრთა საბჭოს რეზოლუციის, საქართველოსთვის შესასრულებელ პროექტში, რომელიც ეროვნული უმცირესობების დაცვას ეხება აღნიშნულია, რომ ძირითადი პრობლემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ეს ეროვნული უმცირესობებისთვის ენობრივი უფლებების უზრუნველყოფაში გამოიხატება. მითითებულია, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც როვნულ უმცირესობების უფლებებს დაიცავს. სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ანტირასისტული ნორმები. რასიზმი არ ითვლება დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად".
"ამას გარდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ზოგი უმცირესობა ღიად არის პოზიცირებული როგორც "მტერი". გამოხატულია შეშფოთება ქართველი ძალოვნების მიერ უცხოელების მიმართ განხორციელებულ თვითნებურ დაპატიმრებებში და მათდამი ცუდი მოპყრობის გამო", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე მითითებული, რომ უმცირესობების მიერ ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნა წინააღმდეგობად იქცა მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე.
ანგარიშში ასევე გამახვილებულია ყურადღება "აზერბაიჯანელებისა და სომხების დისკრიმინაციაზე, ბოშების შევიწროებაზე, თურქი მესხების რეპატრიაზე".
ეყრდნობა რა გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, რუსეთის საგარეო უწყება წერს: "ანგარიშში არის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც სასამართლო ხელისუფლება საქართველოში მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ქვეყანაში მეფობს თითქმის სრული დაუსჯელობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა".
"საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას იქ მცხოვრები დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელის მიმართ. აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლების ადგილებში მიზანმიმართულად იქმნება ქართული ანკლავები. საქართველოს სახელმწიფო რეესტრში შეიქმნა რუკა, რომელზედაც აზერბაიჯანულ სოფლებს ქართული სახელწოდებები აქვთ მიკუთვნებული".
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს არ ახორციელებს თავის ვალდებულებას თურქი მესხების ჩამოსახლების თაობაზე. "რეპატრიაციის პროცესი არ ხორციელდება. მათ მიმართ მტრული დამოკიდებულებაა".
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს, რუსეთის საგარეო უწყება წერს, რომ მათი რაოდენობა საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 246 ათასს შეადგენდა, თუმცა მძიმე სიტუაციის გამო 90-იანი წლების დასაწყისში საქართველო სომხური ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა.
ნახსენებია რა სამცხე ჯავახეთი, ანგარიშში ნათქვამია, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა "სავალალო მდგომარეობაში იმყოფება".
"საქართველოში საქმეებზე ჩასული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ეროვნებით ქართველების მიმართაც, საქართველოს სპეცსამსახურევის მხრიდან ხორციელდება პროვოკაციები და ითითხნება სხვადასხვა ყალბი ბრალდება. ამის მაგალითები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი ვ. ვახანია და რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი პ.ბლიაძე. ასევე ყოფილი სამხედრო ი. კანკაძე", _ ნათქვმია ანგარიშში.