რუსეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართულ მიტინგებში მონაწილე ადამიანებთან დიალოგს არ აპირებს. ჟურნალისტებისთვის ახალი წლის მილოცვისას პუტინმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი უნდა იყოს, მხოლოდ "როგორი ფორმით - ამაზე დავფიქრდები".
მისი თქმით, სახაროვის პროსპექტზე შეკრებილ მომიტინგეებთან საუბარს არავითარი აზრი არა აქვს. მათ, პუტინის აზრით, არ აქვთ ერთიანი პლატფორმა და არც არავინაა იქ, რომ ვინმეს დაელაპარაკო.
მოსკოვის მიტინგებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა: "არც კი ვიცი, ვინ იყო იქ". პუტინმა მოსკოვის აქციების მონაწილეებს ერთიანი პოზიციის შემუშავება ურჩია. მან განაცხადა, რომ თავისი მეგობარი, რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი, ოპოზიციის მიტინგზე არ გაუგზავნია.
"მე ის იქ არ გამიგზავნია, იგი თავად წავიდა, ის უკვე დიდი ბიჭია", _ განაცხადა პუტინმა.