ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ხელმძღვანელის, კიმ ჩენ ირის დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი დასრულდა. კადრებში, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ჩანდა, რომ ბელადის ცხედრის ლიმუზინი ნელა მიემართებოდა ფხენიანის დათოვლილ ქუჩაზე. პროცესიას თან ახლდა დიდი ჯარი, საბჭოურ სტილში.
ტრანსლაცია 21 იარაღიდან გასროლილი ზალპით დასრულდა. დაკრძალვას ქვეყნის ათასობით მოქალაქე ესწრებოდა. რაც შეეხება კიმ ჩენ ირის დაკრძალვის არაოფიციალურ, დახურულ ნაწილს, მის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია. უცხო ქვეყნის დელეგაციები ამ ცერემონიალს არ დაესწრებიან.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამგლოვიარო პროცესია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც ეს 1994 წელს კიმ ჩენ ირის მამის კიმ ირ სენის დაკრძალვის შემთხვევაში მოხდა. მაშინ ცერემონიალმა ორ დღეს გასტანა. ამ ცერემონიალის დასრულების შემდეგ ქვეყნის მართვის უფლება კიმ ჩენ ირის ვაჟს, კიმ ჩენ ინს გადაეცემა.
ოფიციალური ვერსიით, კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 69 წლის იყო.