პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგება როგორც პოლიტიკურ პარტიას, ასევე ამომრჩეველსაც დაეკისრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინასური ინსტრუმენტის) სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან და სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას) გადაცემა, გაწევა, ან ასეთი მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვების თავიდან არიდების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან ჯარიმით.
ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ შედის პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.