2012 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განუცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს დაახლოებით 30 ქვეყანაში, ვისთანაც საქართველოს სერიოზული ურიერთობა აკავშირებს და ასევე საქართველოშიც არჩევნები იქნება და ეს დიპლომატიისთვის ძალიან მძიმე პერიოდია.
ამასთან მინისტრმა არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სათანადო კადრების არარსებობა დაასახელა.
"კოლეგებთან სერიოზულ საკითხებზე გვქონდა საუბარი და ასეთი საკითხი ბევრია. მათ შორის კადრების მომზადება. ჩვენს სამინისტროს ძალიან სპეციფიკურად მომზადებული კადრები სჭირდება და, სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ამას ვერ ახერხებს და ჩვენ სწავლება ადგილზე გვიწევს. პრობლემა ისიც არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრებს ძალიან ხშირად სხვა უწყებებიც ესესხებიან, რადგან ყველა უწყებას საზღვარგარეთ შესაბამის უწყებებთან აქვს თანამშრომლობა. ამდენად ვისაუბრეთ ფინანსებზე, სასწავლო ცენტრსა და მომავლისთვის დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ პრობლემურ საკითხად ასევე იმ ქვეყნებში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვყავს საქართველოს წარმომადგენლობების გახსნა დაასახელა.
აღსანიშნავია რომ ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ანგარიშს სასჯელთაღსრულების, პრობაციისა იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისგან იბარებს.