ბოლოდრიონდელი ინციდენტის შემდეგ, გადაადგილების საკითხებთან და დაკავებულებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებს
მისიის ხელმძღვანელის, ჰანსიორგ ჰაბერის განცხადებით, შეხვედრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს და ამ პროცესში ჩვეულებისამებრ ჩაერთვებიან ეუთოს, საქართველოს მთავრობის, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჰაბერის თქმით, შეხვედრის აუცილებლობა ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების შედეგად არის გამოწვეული, რაც ქართული მხარის მიერ გენადი ფალიევის დაკავებას უკავშირდება.
"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა გავარკვიოთ ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები და მოვძებნოთ გზები სიტუაციის ყველა ჩართული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოსაგვარებლად. ჯერ არ არის წარმოდგენილი ნათელი სურათი, რადგან არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, მოცემული შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მომხდარ დაკავებათა ბოლოდროინდელ შემთხვევებს მოჰყვა, გადაადგილების თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და დაკავებულებთან დაკავშირებულ უფრო ფართო საკითხებს წამოჭრის. საბოლოო შედეგის სახით, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნება ორივე მხარეზე უნდა შეეძლოთ. მოცემული საკითხების განსახილველად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესი მართებულ ფორუმს წარმოადგენს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისში, ყველა მხარეს, არსებული საკითხების განსახილველად შეხვედრის გამართვისაკენ მოვუწოდებ", _ აცხადებს ჰაბერი.