"იუმორინა" საახალწლო პროგრამით დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯემალ ბაღაშვილმა განუცხადა, კონცერტზე სრულიად ახალი პროგრამით წარდგებიან.
"განახლებული საახალწლო პროგრამა გვაქვს, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. კონცერტზე რამდენიმე სიურპრიზი იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ადამიანები. გეგე სულხანიშვილი კი ცხოვრებიდან იუმორისტულ ნომრებს გაიხსენებს. აღსანიშნავია, რომ კონცერტში ჩემი იუბილარი "იბერიელებიც" მიიღებენ მონაწილეობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბაღაშვილმა.
"იუმორინას", ტრადიციულად, მსახიობი გივი ბერიკაშვილი წაიყვანს. მონაწილეობას პაროდიის თეატრი და ქუჩის მუსიკოსებიც მიიღებენ.
"არ შეგვეძლო ჩვენი ხალხისთვის არ მიგველოცა დამდეგი შობა-ახალიწელი, ამიტომ დღეს ჩავატარებთ ღონისძიებას, რომელიც ახალი პროგრამით იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერიკაშვილმა.
ბაღაშვილის თქმით, წელს "იუმორინა" მხოლოდ ერთ დღეს ჩატარდება.
"ამჯერად ერთხელ გამოვალთ. ძალიან რთული ვითარებაა, მკვეთრად გაიზარდა ღირებულება კონცერტის ჩატარების. ჩვენ არავინ გვაფინანსებს. საკონცერტო დარბაზებში თავისუფალი კონკურენცია აღარ არის. ან უნდა გყავდეს სპონსორი, ან მერიამ უნდა ჩაგირიცხოს თანხა. თუ შერჩევითობის პრინციპი წავიდა, ეს მიუღებელია. მერიასთან იყო მოლაპარაკების მცდელობა, მაგრამ ისინი უკვე სხვა კონცერტებზე არიან გადართული და ჩვენ ვერ მოვთხოვთ დახმარებას, მით უმეტეს, ეს ნებაყოფლობითია", - აღნიშნა "იუმორინას" დამფუძნებელმა ჯემალ ბაღაშვილმა.