რუსთაველის თეატრში "ფოლკლორის ეროვნული პრემიის" ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისს" ფოლკლორის ცენტრში განუცხადეს ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი უმაღლესი ჯილდო ქართული ფოლკლორის სფეროში - საუკეთესო მოლექსის, მომღერლის, მოცეკვავისა და ხალხური ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეთა ნამუშევრების დასაფასებლად.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, ხალხური შემოქმედების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ერთსა და იმავე პიროვნებაზე (ჯგუფზე) პრემია გაიცემა მხოლოდ ერთხელ.
შეგახსენებთ, რომ ,,ფოლკლორის ეროვნული პრემია", ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" ფარგლებში 2008 წელს დაარსდა და უკვე მეოთხედ ტარდება.
ცნობისთვის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან შექმნილმა ,,ფოლკლორის ეროვნული პრემიის" მიმნიჭებელმა კომისიამ განსაზღვრა დარგები და შემოქმედებით სფეროში ეროვნული პრემიის ლაურეატები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში: ქართული ხალხური გუნდის ლოტბარი, ხალხური სიმღერის ანსამბლი, მოცეკვავე, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი, ავტორ-მთქმელი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი.
კომისიამ აგრეთვე გამოავლინა პრემიის ლაურეატები ფოლკლორის მეცნიერული კვლევის სხვადასხვა სფეროში (2 ლაურეატი). "ფოლკლორის ეროვნული პრემიის" ლაურეატებს დააჯილდოებენ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.
ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი პრემია, მედალი და დიპლომი. "ფოლკლორის ეროვნული პრემია" ფინანსდება "ფოლკლორის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.