ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი თამაზ დიასამიძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების კანონიერი კონსტიტუციური ვადით - 2012 წლის მაისში და პრეზიდენტის - 2013 წლის იანვარში ჩატარებას ითხოვს.
დეპუტატმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ჩადებული მისი ფუძემდებლური პრინციპების საწინააღმდეგო ნორმა კვალიფიცირდება, როგორც ხელისუფლების გადამეტება-მითვისება და წარმოადგენს საერთო-სახალხო კენჭისყრის შედეგების იგნორირებას.
მისივე თქმით, 2006 წლის 27 დეკემბრის საკონსტიტუციო ცვლილებით დადგინდა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღად ერთდროულად გამოცხადდა 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერი.
"ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს თვითნებურად უნდა გაეხანძლივებინა ვადა 7-9 თვით, რასაც მოსახლეობის უპრეცედენტო წინააღმდეგობა მოჰყვა და პლებისციტის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის არჩევნები ჩატრდებოდა კანონიერ ვადებში - გაზაფხულზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის ახალი ვადები კონსტიტუციაში უნდა ასახულიყო. 2010 წლის 15 ოქტომბერს პარლამენტმა არჩევნების ვადების ძველი ნორმა პლებისციტამდე ჩანაწერი აღადგინა, რითაც ვადა გაუგრძელდა პრეზიდენტსაც. პარლამენტს ვადა მომავალი წლის მაისში ეწურება, მაგრამ დადგენილია ოქტომბერი და ე.ი. მას 6 თვით, პრეზიდენტს კი 10 თვით უგრძელდება ვადა, რადგან მისი უფლებამოსილება 2012 წლის ინვარში იწურება", - მიაჩნია დიასამიძეს.
დეპუტატის შეფასებით, აუცილებელია კონსტიტუციაში დროულად შეიცვალოს უკანონო ნორმები და არჩევნები კანონიერ ვადებში ჩატარდეს.
დიასამიძე აღნიშნული მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს. მისი თქმით, კონსტიტუციის კანონიერ ფარგლებში მოქცევა თვენახევარშია შესაძლებელი.