საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური და საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით 2011 წელს დადებითაც აფასებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე, რომ საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს საქართველოს მრავალი მიმართულებით.
"აქედან ყველაზე უფრო აღსანიშნავი არის ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში არსებული პროგრესი. ის რომ ჩვენ დავიწყეთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ის რომ მომდევნო წელს იქნება სერიოზული დიალოგი სავიზო საკითხებზე ევროკავშირთან, ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ამ წლის განმავლობაში. გვქონდა წარმატებული წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე საელჩო გაიხსნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დავამყარეთ 22 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს მნიშვნელოვანია რადგან ქართული დიპლომატია არის მრავალპორალური, არის მულტიელექტორული და მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორების ძებნა და მათთან ურთიერთობების გაღრმავება", - განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძე წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს საქართველოსა და რუსეთშ შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას უკავშირდება.
"მიიჩნევა, რომ ის რომ ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველომ და რუსეთმა გააფორმეს, ქართული დიპლომატიისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო", - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები ალიანსთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი იყო. კაპანაძემ ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზეც, რომელიც დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მომხრეების რაოდენობა გაიზარდა, მოწინააღმდეგეების კი შემცირდა.
"თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებული. მომდევნო წელს ბევრი გამოწვევები გვექნება. ეს გამოწვევევი და საფრთხეები კარგად არის აღწერილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული", - განაცხადა კაპანაძემ.