"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პროკურატურას კორუფციულ რვაფეხაში ჩართული მაღალჩინოსნების საქმის გამოძიებას ურჩევს.
როგორც ბაღათურიამ დღეს განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანზიაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა, კორუფციაში ჩართული არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამეგერელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ახლანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, მისი ძმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია და მისი მასწავლებელი, ამჟამად მარტვილის რაიონული რესურსცენტრის ხელმძღვანელი სონია ჭოჭუა.
"იმისთვის რომ მათ მიერ დაარსებულ კერძო სკოლაში ბავშვები გადაექაჩათ, გააუქმეს გელა ჭედიას სახელობის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო და სოფელ ხუნწის საჯარო სკოლები. გოროზიას მიერ დაარსებული კერძო სკოლა სხივში, დამფუძნებელი და მეწილეები მისი ოჯახის წევრები და ახლო ანთესავები არიან, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, მას ხელთ აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტური მასალა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პირების კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას ასახავს. ოპოზიციონერი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა საქმეს გამოიძიებს.
ამასთან ბაღათურია მასალების გადაგზავნას საქართველოს პრეზიდენტთანაც გეგმავს.
"ჩვენ გადაუგზავნით პრეზიდენტს ყველა ამ მასალას, რომ მას აღარ ჰქონდეს სათქმელი რომ თითქოს არაფერი იცის მისი მინისტრების კორუფციული საქმიანობის შესახებ.