კომპანია, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე მონიტორინგს განახორციელებს, ამ დროისთვის შერჩეული არ არის
კომპანია, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახორციელებს მონიტორინგს, ჯერ შერჩეული არ არის. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კოპანიას შეთანხმების მიხედვით შვეიცარიული მხარე შეარჩევს.
"შვეიცარიულმა მხარემ ჩაატარა კონსულტაციები ჩვენთან, ატარებს ასევე კონსულტაციებს რუსულ მხარესთან. შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული არის, რომ კომპანიის შერჩევა მოხდება, სწორედ შვეიცარიის მხარის მიერ ამ კონსულტაციების საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საბლოო გადაწყვეტილება არის ბერნის გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი შეარჩევენ კომპანიას გამოცდილებისა და საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით", - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ან კვირებში გახდება ცნობილი თუ რომელი კომპანია განახორციელებს მონიტორინგს.