"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და თბილისის საკრებულოში პარტიის წევრები დღეს თამარ მეფის გამზირზე, ხვიჩა ნარუშვილის კუთვნილ საცხობში მივიდნენ და მცირე მეწარმესთან ერთად მიკრობიზნესის განსაზღვრასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატებსა" და მთავრობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ 30 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეები გათავისუფლდებიან სალარო აპარატებით ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი დაეკისრებათ.
"შეთანხმება კი მიღწეულია, მაგრამ ჭიანურდება სხვადასხვა პროფილის მიკრობიზნესისთვის კრიტერიუმების დადგენა. ათასობით სხვა ადამიანთან ერთად ბატონი ხვიჩაც ამას ელოდება, მანამდე კი საგადასახადო სამსახური ეუბნება, რომ სასურველია მაინც შეიძინოს ახალი ტიპის სალარო აპარატი, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ჯარიმა. აპარატი, რომელიც 321 ლარი ღირს, მნიშვნელოვანი ხარჯი იქნება მცირე მეწარმეებისთვის და ფინანსთა სამინისტრომ ეს ხარჯი აუცილებლად უნდა ააცილოს ამ ადამიანებს", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" ახალ წლამდე ელიან მიკრობიზნესის სალარო აპარატებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, რაც არც საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს ამყოფებს გაურკვევლობაში და არც იმ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარს არ აღემატება.