საქართველოს ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აქვს. დოკუმენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა 111 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
კონცეფციაში საქართველოს ეროვნულ ღირებულებებად დასახელებულია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; თავისუფლება; დემოკრატია და კანონის უზენაესობა; უსაფრთხოება; კეთილდღეობა და მშვიდობა, ხოლო ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცება;ევროპული და ეროვნული ინტეგრაცია;საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფა;ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა; ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა; დემოგრაფიული უსაფრთხოება და სხვ.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, არსებობს ახალი რუსული აგრესიის პოტენციური რისკი, რადგან აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისოდ აღიარება, არამედ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ან/და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეა, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შესაძლო გადმოდინებაც.
განახლებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია. ასევე, დასახელებულია ის ქვეყნები, რომელთან კავშირების განმტკიცებაც საქართველოს პრიორიტეტულია, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და თურქეთი.
უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, სახელმწიფოს მიზანია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაბრუნების უზრუნველყოფა.
ასევე ხაზგასმულია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, კანონის უზენაესობის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლებისთვის ზრუნვის აუცილებლობა.