საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრები თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციაში მეზობელი ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატები შედიან. კოლეგები სახელისუფლებო პარტიიდან დელეგაციას ხვალ შეუერთდებიან.
გიორგი თარგამაძე სტუმრებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ესაუბრა. „ქრისტიან-დემოკრატებმა"იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდება და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიფოს და მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადებები.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ვთხოვეთ სტუმრებს ჩიკაგოს სამიტზე თურქეთმა მხარი დაუჭიროს სამოქმედო პროგრამაში საქართველოს ჩართვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც წინაპირობა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად" - განაცხადა თარგამაძემ.
სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა დღეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.