საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ხაზგასმულია.
ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის კითხვაზე განაცხადა.
კერძოდ კი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, არის თუ არა კონცეფციაში ჩაწერილი, რომ საქართველო ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთელიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღო და სწორედ ამის გამო მოიპოვა ერთმნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა.
"ძალი გამოუყენებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აგრესია განხორცილდება ქვეყნის მიმართ, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად დავიცავთ", - აღნიშნა ბათუ ქუთელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციას დაამტკიცებენ.