პოლიტიკური პარტიების მიერ ფინანსურ დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შედის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა.
ცვლილებების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინასური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
ამასთან, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისთვის კანონმდებლობით აკრძალული ფინასური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება გამოიწვევს აკრძალული ფინასური და მატერიალური შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაში უფლებამოსილი პირი, რომელიც აკრძალულ ფინანსურ ან მატერიალურ შემოწირულობას მიიღებს ან მის მიღებაზე ინფორმაციას დამალავს ისიც შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად ზემოთ აღნიშნულ ჯარიმებთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც კანონით დადგენილ აღნიშნულ ვალდებულებებს დაარღვევს ჯარიმის სახით დამატებით კიდევ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრება.