„ქრისტიან-დემოკრატები" გადასახადების თავიდან არიდებისთვის რეგულაციის ლიბერალიზაციას მიესალმებიან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქარისტიან-დემოკრატებისა" და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, მისი პარტია სამი წელია, რაც 218-ე მუხლის, რომელიც გადასახადის თავიდან არიდებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებას ითხოვს, თუმცა მიღწეული შეთანხმებაც წინ გადადგული ნაბიჯია.
„დღეს შეგვიძლია მივულოცოთ ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, რომ დიდი ძალისხმევის შემდეგ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. უფრო მეტიც, ძირითად საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების" წლებია ხელისუფლებისგან სისიხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილის ლიბერალიზაციას, რომელიც ბიზნესის სფეროს წარმომდგენლებს პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს.
„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მეწარმეების, ბიზნესმენების ერთ-ერთი უპირველესი საწუხარი ამ პრობლემის მოგვარებაა. იმისთვის, რომ ქვეყნაში სამუშაო ადგილები შექმნან მათ, ამისთვის საჭიროა, ბიზნესის სახელმწიფოს ჩარევისგან გავათავისუფლოთ", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში". კანონპროექტის თანახმად, დიდი ოდენობად ჩაითვლება თანხამ თუ ის 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, თანხა, რომელიც 100 ათას ლარს აღემატება.
მოქმედი კანონმდებლობით, კი გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლის მიზნებისთვის დიდ ოდენობად ითვლება თანხა, რომელიც 25 ათას ლარს აღემატება, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, რომელიც 75 ათას ლარს აღემატება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.