საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება კონსულტაციების წამოწყებას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ამ პროცესში საპარლამენტო უმრავლესობა და როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიციაა ჩართული, რაც ასევე მისასალმებელია.
"კონსულტაციებს, რომლებიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას უკავშირდება, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ დიალოგია ის საშუალება, რომელიც გაამყარებს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების შესაძლებლობას.