დეპუტატი გია თორთლაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი რუსული ფულით ქართული პოლიტიკური პარტიების მოსყიდვას ცდილობს. ამის შესახებ თორთლაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქვს "უტყუარი" ინფორმაცია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ფართომასშტაბებით რუსული ფული ვრცელდება.
"უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულმა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი და ცდილობს ქართული პოლიტიკური პარტიების ყიდვას. ეს არის რუსული ფული, რომელიც ივანიშვილს "გაზპრომიდან" და "ეფ-ეს-ბე-სგან" აქვს", - აღნიშნავს თორთლაძე.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ბიზნესმენის უახლოესი გარემოცვისგან აქვს.
"ალასანიას პარტია, რესპუბლიკელები, ძიძიგურის და კობა დავითაშვილის, ექსპერტთა საბჭო სრულად ივანიშვილისგან ფინანსდება", - აცხადებს თორთლაძე და აქვე აცხადებს, რომ პარტიებისთვის დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები არის გარანტია დაარეგულიროს პროცესები, რომ ქვეყნას პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხო ქვეყნის ოლიგარქების ჩარევა არ მოხდეს.
"ეს გახლავთ არა ქართული წარმომავლობის ფული, რომელიც ხმარდება შიდა არეულობის მოწყობის მცდელობას", - დასძინა დეპუტატმა.