საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ შეეზღუდებათ, თუ ის პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებას უკავშირდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსის განხილვისას აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს დააფინანსებენ, პარტიული სტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით არავისში ეჭვს არ დაბადებენ და მათზე აკრძალვაც არ გავრცელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს იგივე მიდგომები ყოფილიყო გათვალისწინებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იქნება. ამასთან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის საარჩევნო კოდექსში დაფიქსირება მოითხოვეს.