ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო პროცესებში გუბერნატორებისა და გამგებლების ჩართვის აკრძალვას მოითხოვენ. როგორც პარლამენტის წევრმა ლევან ვეფხვაძემ იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გუბერნატორებსა და გამგებლებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ, ასევე უნდა დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მმართველი პარტიის წევრმა პავლე კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ გუბერნატორებისა და გამგებლებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვა არ მოხდება. მისი თქმით, მზად არიან, შეიმუშაონ პოლიტიკურ პირთა სია, ვისაც უფლება ექნება, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კუბლაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული საკითხი გადაიხედოს და ყველა პოლიტიკურ ძალას აეკრძალოს რესურსებით სარგებლობა.