გრიგოლ მგალობლიშვილი თბილისში ამ კვირაში დაბრუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის კანცელარიაში განუცხადეს. კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავთანდილ ფავლენიშვილის განცხადებით, პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. იგი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსპიკერმა, ლეილა ავიძბამ განუცხადა, მისთვის ეს ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია და მას ოფიციალურად ვერ დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ მგალობლიშვილი 31 დეკემბერს ქართველი ექიმების რეკომენდაციით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.
აღნიშნული გამოკვლევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საერთო გადაღლილობის ფონზე, პრემიერ-მინისტრს გამოეკვეთა მკვეთრი რენალური გართულებები.
მასალის გამოყენების პირობები