საქართველომ, ფაქტობრივად, აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი. ეს განცხადება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა პროგრამა "იტოგისთან" შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"საქართველომ პრაქტიკულად აღიარა თავისი სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც ექსპორტ-იმპორტული ოპერაციები და არა შიდა ვაჭრობა", _ განაცხადა მედვედკოვმა.
"ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ურთიერთვაჭრობის შესახებ ამ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. მაგრამ ზუსტად ასეთივე ვალდებულება აიღო თავის თავზე საქართველომ. ამიერიდან საქართველომ თავის საზღვარზე, რომელიც მას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აქვს, საბაჟო საგუშაოები უნდა გახსნას. ეს კი, ფაქტობრივად, აღიარებაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსისა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხში", _ აცხადებს მედვედკოვი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებს.