"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველა წინაპირობა აქვს, იყოს წარმატებული. ბურჯანაძის თქმით, ის დაინტერესებულია, რომ ივანიშვილის საქმიანობა პოლიტიკაში წარმატებული იყოს და იმ რთულ გზაზე, რომლის გავლაც მას უწევს, მისი და მისი თანამოაზრეების მხრიდან რაიმე სერიოზული შეცდომა არ იყოს დაშვებული.
"არის ბევრი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ივანიშვილთან მოსაზრებების გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმ რთულ გზაზე, რასაც დამნაშავე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, შეცდომები არ იქნას დაშვებული", - აღნიშნა ბურჯანაძემ "სახალხო კრების" გაფართოებულ სხდომაზე.
მისი თქმით, "სახალხო კრება" მიესალმება ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში.
"კრებას არაერთგზის გამოუთქვამს თანამშრომლობის მზადყოფნა ყველა იმ ძალასთან, რომლის მიზანია ხელისუფლების შეცვლა და არა ჩანაცვლება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.