საქართველომ და ჰაიტის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოქმს ხელი 16 დეკემბერს მოეწერა.
"ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ესწრაფვიან რა განავითარონ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები, ერთმანეთთან ურთიერთობებში სახელმწიფოები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით", - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ჰაიტის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საქმეების დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჟან კაზომ, საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ.
ხელმოწერის ცერემონიალი ქ. ნიუ იორკში, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს.