საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მალაზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
"შეძლებისდაგვარად ვთანამშრომლობთ მალაიზიურ სამართალდამცველ უწყებებთან. პირდაპირი კონტაქტი მათთან ჭირს, რადგან პირდაპირი წარმომადგენლობა მალაიზიაში არ გვყავს. ჩვენ ძალებს არ ვიშურებთ და იმედი გვაქვს, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს გამოიტანს", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსნებთ, რომ მალაიზიელ კოლეგას უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე. მალაიზიაში იმყოფებოდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციაც, რომელმაც საქმის მასალები ადგილობრივ პროკურატურას გადასცა. მათ შორის ბაბუცა გორდაძის ქმრის, ელდარ დავითიანის ქართველი სამართალდამცავებისათვის მიცემული ჩვენება სადაც მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მალაიზიის პრემიერს წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.
2010 წლის ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.