საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს კონსულს ყაზახეთში არ მიუღია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ.
კალანდაძის თქმით, ყაზახეთში მოგზაურობაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არანაირ ზომებს არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენეში პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე ემსხვერპლა, ასამდე კი დაიჭრა. ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც მომავალი წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება.