"ქართული პარტია" არჩევნებამდე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს. როგორც დღეს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" და "ქართული პარტიის" საერთო დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ ახლად ჩამოყალიბებუილი "ქართული პარტიის" თანათავჯდომარემ, ეროსი კიწმარიშვილმა აღნიშნა, პარტია ორიენტირებული იქნება დიდი გაერთიანების შექმნაზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს.
"ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული იყო. "ქართული პარტია" თავიდანვე შეიქმნა დღევანდელი რეჟიმის დემონტაჟისთვის და ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ 2011 წლის მაისში დიდი მოლოდინები გავაჩინეთ, რომელმაც არ გაამართლა ჩვენი პარტნიორების არამზადყოფნის გამო. რითაც დამთავრდა ეს, ყველმა ნახეთ", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, დღესაც "ქართული პარტია" ორიენტირებულია დიდი გაერთიანების შესაქმნელად და აპირებს არჩევნებამდე პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებას. თუმცა კიწმარიშვილი არ აკონკრეტებს ამ დროისთვის რომელ პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
"ფორმულა ერთია. დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟი ერთიანი სტრუქტურული ძალის მქონე პოლიტიკურმა ძალამ უნდა განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რაც ბოლო წლებშიც ვნახეთ", - მიაჩნია ახალი "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს.