ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში მწერლის ფოტოალბომის პრეზენტაცია და უნიკალური ხელნაწერების გამოფენა მოეწყო. საღამოზე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები, ხელნაწერები და ფოტოები გამოიფინა.
პრეზენტაციას მწერლები, გამომცემლები, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ვაჟა-ფშაველას შთამომავლები ესწრებოდნენ.
"ვაჟას სიყვარულის გარეშე ძნელია წარმოიდგინო საქართველოს სიყვარული, იმიტომ რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქართველს ახსენდება რამდენიმე ხატი თავისი ვინაობიდან და მათგან ერთ-ერთი ყოველთვის არის "სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური", ასევე, "შვლის ნუკრის ნაამბობი" და ეს ყველაფერი ამ დიდი ქართველის შექმნილია", - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
ტექსტი ალბომისთვის მწერალმა ბესიკ ხარანაულმა დაწერა. წიგნი ორენოვანია და გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
"ვაჟა-ფშაველამ არ იცოცხლა დიდხანს, მაგრამ ძალიან დიდი შემოქმედება დატოვა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მთელ ქართულ მწერლობაში მან ყველაზე მეტი ნამუშევარი დატოვა", - აღნიშნა ბესიკ ხარანაულმა.