ხულიო იგლესიასი ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით 31 დეკემბერს ბათუმში ჩამოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა.
"ხულიო იგლესიასი ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით 31 დეკემბერს ბათუმში ჩამოვა. 30-ში ველოდებით მის შვიდკაციან ბენდს, ასევე, 3 ტანგოს მოცეკვავეს. სულ 35 სტუმარს ველოდებით ბათუმში. მათ სპეციალური მოთხოვნები აქვთ განათებაზე და გახმოვანებაზე. იმ მოდელს ითხოვენ, რომლის ანალოგიც გვაქვს, თუმცა პრინციპულად საკუთარი მოდელით არჩეული ფირმის ტექნიკა სურთ. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას", - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება. ხულიო იგლესიასის საკონცერტო კალენდარის მიხედვით, ბათუმის კონცერტამდე ხულიო იგლესიასი დეკემბერში კონცერტებს გამართავს მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.