"რუსეთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ვადევნებ არა მხოლოდ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ადამიანი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ამ ბოლო დრომდე ამ ქვეყნის მოქალაქეც იყო", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გროგოლ ვაშაძე "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
"ჩვენ ამ მოვლენებს იმედით ვადევნებთ თვალს და ჩვენ საქართველოში გვსურს, რომ რუსმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს მიიღოს ის, რასაც იგი იმსახურებს, კერძოდ დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კორუფციის აღმოფხვრა, ნორმალური და სუფთა არჩევნები და ის, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ჰქონდეთ თანაბარი მისაწვდომობა იმ სიმდიდრეებისა, რომელიც გააჩნია მათ ქვეყანას", _ აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, როდესაც ყოველივე ეს მოხდება, მაშინ ეს რუსეთის მეზობლებზეც აისახება.
"და მაშინ რუსეთი საგარეო პოლიტიკა აღარ იქნება აგრესიული, იმპერიალისტური და გახდება ნორმალური კეთილმეზობლური ანუ ისეთი როგორიც საქართველოს რუსეთისგან სჭირდება", _ აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.