"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებისგან სოციალურად დაუცველი ფენებისა და პენსიონერებისთვის დაგროვილი ჯარიმების, საურავებისა და კომუნალური გადასახადების ჩამოწერას მოითხოვს.
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობას უწევს ცხოვრება ჯარიმიდან ჯარიმამდე და ვაუჩერიდან ვაუჩერამდე. მაშინ როდესაც ხელისუფლების წევრები და თავად პრეზიდენტი ცხოვრობს კონცერტიდან კონცერტამდე და ერთი ქეიფიდან მეორე ქეიფამდე.
"ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ფენებისა და პენსიონერებისთვის ჯარიმების, საურავებისა და დაგროვილი კომუნალური გადასახადების ჩამოწერას, რომელსაც უახლოეს სესიაზე კენჭისყაზე გავიტანთ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, პროექტის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა, ხოლო ქართული დასი მის დარეგისტრირებას ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად მოითხოვს. ამასთან ბაღათურია განმარტავს, რომ გადასახადების ჩამოწერას მოითხოვს 900 ათასი სოციალურად დაუცველისთვის. ასევე 600 ათასი ოჯახისთვის, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს და 500 ათასი პენსიონერისთვის.
"საერთო ხარჯი, რაც სახელმწიფომ შეიძლება გაიღოს არის 3 მილიონ ლარამდე, რაც პრეზიდენტისთვის ერთი კარგი ქეიფი ჯდება. ამიტომ მოვუწოდებთ სააკაშვილს ერთ კონცერტს ან ქეიფს შეელიოს და მოსახელობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს", - აღნიშნა ქართული დასის ლიდერმა.