დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონტოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ეშვებს მიაკვლიეს. ნამარხში სავარაუდოდ მასტოდონტის მთლიანი ჩონჩხია შემონახული. ნაშთებს შესასწავლად ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.
„ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი ეპოქაა მცირე ტერიტორიაზე აღმოჩენილი და დაფიქსირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუზეუმმა მიიღო ახალი, საინტერესო ექსპონატები, ხოლო მსოფლიო მეცნიერებამ მიიღო ახალი ინფორმაცია," - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის აბესალომ ვეკუას თქმით, ყველაზე მეტად ყურადღებას მასტოდონტი იქცევს, რომელიც დღევანდელი სპილოს უშუალო წინაპარია.
ხორთუმიანის უძველესი სახეობის გარდა, გათხრების ადგილას იმ პერიოდის ფაუნის სხვა წარმომადგენლების ნარჩენებიც არის ნაპოვნი. მათ შორისაა შველისა და კუს წინაპრებიც. აღმოჩენილი ნარჩენები ადვილად იშლება, მათ ქანთან ერთად ამოიღებენ, შეფუთავენ და მეცნიერული შესწავლისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ, სადაც რესტავრაციას ჩაუტარებენ. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დეტალებისა და იმის დადგენა, თუ რა გარემო პირობებში უხდებოდათ პრეისტორიულ ცხოველებს არსებობა.