ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: "გასული წლის ოქტომბრის თვის შემდეგ ნავთობის ფასი რეკორდულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დადგა. კერძოდ, 2010 წლის 4 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასებმა შეადგინა: ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა - 80,12 დოლარი ბარელზე; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა - 81,51 დოლარი ბარელზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის 14-15 დეკემბრისთვის ნავთობის ფასი დაეცა 68-70 დოლარამდე ბარელზე, თუმცა მან ეს პოზიციები სულ რარაც 10 დღით შეინარჩუნა და შემდგომ კვლავ ზრდა დაიწყო.
ნავთობის ფასის ზრდის ძირითადი მიზეზებია: ინვესტორების ოპტიმიზმი ამერიკული ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით;საკმაოდ მკაცრი ზამთარი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, როგორიც არ ყოფილა 1985 წლის შემდეგ; დოლარის კურსის ვარდნა; რუსეთ-ბელორუსიას შორის ბოლო პერიოდში ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ევრო კავშირის ქვეყნებში ნავთობის მიწოდების 10 პროცენტით შემცირება.