ეთერ თათარაიძემ გარდაცვლილ მელექსეთა ხმოვან ჩანაწერებზე მუშაობა დაასრულა. როგორც პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პროექტზე ამირან არაბულთან ერთად 4 წელიწადს მუშაობდა.
"ერთსაათიან კომპაქტდისკში 40-დე მელექსის ხმაა. ამირანთან ერთად სახელმწიფო არქივებში და კერძო კოლექციებში რამდენიმე წელიწადს ვმუშაობდით. ჩვენი ცნობილი და უცნობი მელექსეების ძალიან საინტერესო მასალა და კოლექცია შეგროვდა. ესინი არიან იოსებ ბაიაშვილი, ივანე წიკლაური, ნინო ქისტაური და ა.შ.. მივიწყებული სახეები აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ნიკო გორელაშვილი, ახმეტელი მელექსეები. ასევე ვაჟას იუბილეზე უცნობი მელექსეებიც აღმოვაჩინეთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თათარაიძემ.
გარდაცვლილ მელექსეთა ხმოვან ჩანაწერებზე მუშაობა უკვე დასრულებულია. პრეზენტაცია რამდენიმე დღეში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მოეწყობა.