"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას გლეხებისთვის ვაუჩერების დარიგების ნაცვლად აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებას ურჩევენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარალემტო ფრაქციის „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი აქციები პირველად არ ხორცილდება თუმცა ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია.
„ჩვენი ე. წ. აგრარული ხელისუფლება ვერ ხვდება, სოფლის მეურნეობით დაკავებულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იცის, რომ 30 ლარი არც 1 ტომარა სასუქისთვის და არც 20 ლიტრი საწვავის შესაძენადაა საკმარისი. იმისათვის, რომ გლეხს რეალურად შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და მან კონკურენტული პროდუქციის წარმოება შეძლოს, ხელისუფლებამ ვაუჩერების დარიგების ნაცვლად აგრარული პოლიტიკის სტრატეგია უნდა შეიმუშავოს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, აღნიშნული აქცია 800 ათასი ადამიანისთვის მცირე ფინანსური შეღავათი იქნება, მაგრამ ამას სოფლის მეურნეობის განვითარებასა და არსებული პრობლემების მოგვარებასთან საერთო არაფერი აქვს.
„აქვე მინდა გამოვეხმაურო პატრიარქის ბოლო ქადაგებას, სადაც მისი უწმინდესობა სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავების და სახელმწიფო ფონდების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. ბოლო წლებში ხელისუფლებამ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთჯერად აქციებზე 100 მილიონამდე ლარი დახარჯა, პრობლემები კი სოფლად იგივე დარჩა, რაც აქამდე იყო", - აცხადებს ახვლედიანი.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლება მორიგი 24 მილიონის გამოყოფაზე საუბრობს, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალებული 20 ათასი ფერმერის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„კვლავ უცნობია აპირებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის დაპირების შესრულებას - გაათავისუფლოს დაზარალებულები განვადებით გამოტანილი სიმინდის თესლის საფასურისგან და გასცეს მათთვის კომპენსაციები", - განაცხადა მან.