საქართველოს სახალხო დამცველი 2011 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში ქუთაისის #2 და გლდანის #8 დაწესებულებებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.
ანგარიშის თანახმად, მოპყრობისა და რეჟიმის კუთხით რთული მდგომარეობაა გლდანის N8 დაწესებულებაში. სახალხო დამცველი წერს, რომ მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ მოქმედებს განსაკუთრებული წესები: დღის განმავლობაში მათ არ აქვთ ძილის უფლება, ასევე ეკრძალებათ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლაც კი. არ აქვთ უფლება საკანში ყოფნის დროს გაიხადონ მაისური, მოუსმინონ რადიოს საშუალო ხმაზე მაინც და ითამაშონ ნარდი ისე, რომ კამათელი გააგორონ ხის დაფაზე, ვინაიდან, ადმინისტრაციის აზრით, ეს იწვევს ზედმეტ ხმაურს, რაც დასჯის
მიზეზი ხდება.
"პატიმრების მონაყოლს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გლდანის დაწესებულებაში, რომელიც 3500 კაცზე მეტს მოიცავს, არის საოცარი სიჩუმე, რამაც ასევე მიიპყრო წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ყურადღება 2010 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს. კომიტეტის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „გლდანის N8 საპყრობილეში ვიზიტის დროს კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით, სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა განუცხადა დელეგაციის წევრებს, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას არასათანადოდ ექცეოდნენ თანამშრომლები, განსაკუთრებით კი „კარცერსა" და საშხაპეებში, ასევე დაწესებულებაში მიღების დროს. როგორც პატიმრები ამტკიცებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა (კეტით, მუშტით, წიხლით ცემა) მოჰყვებოდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ერთმანეთში ხმამაღალი ლაპარაკი ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება. დელეგაციამ აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში ვიზიტის დროს საკნებში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა."
პატიმრების გადმოცემით, ზემოაღნიშნული უმკაცრესი წესების ელემენტარული
დარღვევის შემთხვევაშიც კი ისინი სასტიკად ისჯებიან - მათ ან სცემენ, ან დასჯის
მიზნით გადაყავთ დაწესებულების კარანტინში, რაც ასევე უკანონოა, რადგან
საკარანტინე საკანი არ არის დასჯისთვის განკუთვნილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულების კარანტინში განსაკუთრებით აუტანელი პირობებია, დასჯის ეს მეთოდი რეგულარულად გამოიყენება", - აღნიშნულია ანგარიშში.
მის თანახმად, ხაზგასასმელია, რომ როგორც ქუთაისის N2, ისე გლდანის N8 დაწესებულებაში გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები - ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია - პატიმარი პასუხისმგებელი ხდება თავისი თანასაკნელების მიმართაც.
"როგორც ქუთაისში, ისე გლდანში განთავსებული პატიმრების ნაწილი აღნიშნავს, რომ თავისივე ნებით აცხადებს უარს სეირნობაზე და 24 საათს ატარებს საკანში, ვინაიდან მათ აიძულებენ სირბილით გადაადგილდნენ სასეირნო ეზომდე და ნებისმიერი შეფერხება თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის, უხეშობის და დამცირების მიზეზი ხდება. დაწესებულებაში სულ არის 15 საკარანტინე საკანი. მათგან 7 განკუთვნილია იმ პატიმრების მოსათავსებლად, რომლებიც გაყავთ სასამართლო პროცესებზე. აღნიშნულ 7 საკანში არ არის საწოლები, დგას მხოლოდ სკამები. ამ შვიდი საკნიდან სამი გამოყენებულია, როგორც დამატებითი საკარანტინე ოთახი და იქ რამდენიმე დღით, ხშირად კვირით, ათავსებენ პატიმრებს. შესაბამისად, პატიმრებს ძილი უწევთ სკამზე ან პირდაპირ ბეტონის იატაკზე. დაწესებულების ადმინისტრაცია მათ არც ლეიბებით და გადასაფარებლებით არ უზრუნველყოფს. დანარჩენ 8 საკარანტინე საკანში არის 48 საწოლი. საკნებში დგას სამი ორსართულიანი საწოლი, მცირე ზომის მაგიდა, საკნებს აქვს მცირე ზომის ფანჯარა, რომელიც სანახევროდ იღება. მონიტორინგის დროს საწოლებზე არ იყო დაგებული ლეიბი და გადასაფარებელი. საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი. პატიმრების განმარტებით, კარანტინში ყოფნისას მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. ზოგ საკანში მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა. გასეირნების უფლებით კარანტინში განთავსებული პატიმრები ასევე ვერ სარგებლობენ. მათ სამედიცინო დახმარებაზეც ძნელად მიუწვდებათ ხელი. აღსანიშნავია, რომ პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის წერილობითი დადასტურებისგან თავს იკავებენ, თუმცა დაწვრილებით ყვებიან მათ ან სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ქუთაისის N2 დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ ადმინისტრაციის მოპყრობა საგრძნობლად გაუარესდა.
"უკანასკნელ პერიოდში თავი იჩინა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. პატიმრები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცევიან. ყველაზე ხშირად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დისციპლინურ პასუხისმგებლობა დაკისრებული და კარანტინში განთავსებული პატიმრები ხდებიან. მათი თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე.წ. „ბოქსში" გადაჰყავთ. ,,ბოქსი" წარმოადგენს დაახლოებით 2-3 მ ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი და არც საწოლი და სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებენ ფეხშიშველა, საცვლების ამარა, 3-დან 24 საათამდე ხანგრძლივობით. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი „ბოქსში" ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნულის წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. პატიმართა გადმოცემით, ისინი თავს იკავებენ ყოველდღიური გასეირნებისგან, რადგან ყოველი გადაადგილება შესაძლებელია დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ხოლო ისინი, ვინც მაინც სარგებლობენ ამ უფლებით, აღნიშნავენ, რომ თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს (მაგალითად, მიესალმება სხვა პატიმარს), მთელი საკანი ისჯება და ბრუნდება საკანში", - აღნიშნულია ანგარიშში.