საქართველოს პარლამენტის კომიტეტები რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები იზიარებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 2011 წლის 4 დეკემბერს რუსეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას; გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ეუთოსა და ევროპის საბჭოს მოთხოვნების მუდმივი შეუსრულებლობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველი პარლამენტარები გმობენ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის 1 000-მდე წარმომადგენლის, მათ შორის, რამდენიმე ლიდერის დაპატიმრებას;
კომიტეტები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საკუთარი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
„ვინაიდან, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, 2011 წლის 4 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის, გამოვლინდა გაყალბების უტყუარი ფაქტებით".
მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციაში ძირითადი სამოქალაქო უფლებების განმტკიცებისაკენ მიმართულ მოთხოვნებს და გამოთქვამენ რწმენას, რომ რუსეთის დემოკრატიული ტრანსფორმაცია გააუმჯობესებს მოსკოვის ურთიერთობებს ყველა მის მეზობელთან და რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნება თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ურთიერთპატივისცემას;