საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა იტალიის პარლამენტის წევრების მიწვევით რომში გამართულ იტალიის რადიკალური ტრანსნაციონალური პარტიის ყრილობის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ყრილობას ესწრებოდა 700-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 45 ქვეყნიდან მოწვეული 100-ზე მეტი სტუმარი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯულიო ტერცი, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი, უნგრეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბაჟნაი, საფრანგეთისა და გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები ბერნარ კუშნერი და იოშკა ფიშერი, იტალიის დეპუტატები, პარლამენტის წევრები, სენატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ისაუბრა დემოკრატიული გარდაქმნების შეუქცევადობასა და აუცილებლობაზე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობაზე. ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, იმ მაჩვენებლებზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია კორუფციათან ბრძოლაში და რომელიც, შესაბამისად აისახა ეკონომიკურ პარამეტრებზე.
გიორგი წერეთელმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. განაცხადა, რომ პრაქტიკულად უკვე ყველა ქვეყანამ დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების ფაქტი, მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ევროკავშირის ბოლო რეზოლუციისთვის, რომელიც დაეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა გააძლიეროს რუსეთზე, რათა აიძულოს შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ქვეყნის დეოკუპაცია. განაცხადა, რომ ბოლო არჩევნებმა აშკარა გახადა რუსეთის ხელისუფლების მისწრაფებები და ის წინააღმდეგობა, რომელიც უკვე ქვეყნის შიგნითაც არსებობს, თუმცა, განსაკუთებით საყურადღებოა რუსეთის ხელისუფლების მცდელობა საბჭოთა კავშირის რეაბილიტაციისა ევრაზიის კავშირის სახით და აღნიშნა, რომ ევროპელმა პოლოტიკოსებმა უფრო აქტიური ზომები უნდა მიიღონ ამ პროცესის გასანეიტრალებლად.
გიორგი წერეთელმა კონგრესის ფარგლებში გამართა შეხვედრები როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.